2020 წლის 19 ნოემბერი -დღე, როდესაც საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში ქართველი ქალი ფეხბურთელები უეფას ჩემპიონატთა ლიგის ფინალში ასპარეზობის ბილეთს იპოვებენ. გოგონების წარმატებით გახარებული ქართველი ერი და შემდგომ ისევ სიჩუმე. ეს ფაქტი ქართველებისთვის,ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი იყო,რადგან ფეხბურთის ისტორიაში „ლანჩხუთი“ გახდა პირველი გუნდი,რომელიც მეორე  საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა,ხოლო, მეორე მხრივ,გასაოცარი,რადგან სწორედ ამ დროს აღმოაჩინა ქართველმა ხალხის დიდმა ნაწილმა,რომ საქართველოში არსებობს ქალი ფეხბურთელების გუნდები და ყოველწლიურად ტარდება ევროპის საგზურის მოსაპოვებლად ჩემპიონატები. ცხადია, ეს ფაქტი ფეხბურთში უთანასწორობას უსვამს ხაზსს და,მეორე მხრივ,  ხალხის ინტერესის ნაკლებობას,თუმცა ქალი ფეხბურთელების პრობლემები ამით არ მთავრდება. ისინი დგანან ისეთი პრობლემების წინაშე როგორიცაა: ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ფინანსების ნაკლებობა,სექსუალური შევიწროვება, ბიზნეს სექტორისა და არაკვალიფიცირებული მწვრთნელების არსებობა.

ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურის გაუმართაობის პრობლემა ერთ-ერთი დღემდე მოუგვარებელი საკითხია ქალთა ფეხბურთის მიმართულებით. ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ათწლეულების მანძილზე ქმნიდა გარემოს კაცების ფეხბურთის განვითარებისთვის,ამიტომ დღეს გამოწვევად რჩება ისეთი საფეხბურთო გარემოს შექმნა,რომელიც მორგებული იქნება ქალ მოთამაშეთა საჭიროებებს. კონკრეტულად ინფრასტრუქტურის პრობლემები ვლინდება რამდენიმე მიმართულებით, პირველი, ეს არის საფეხბურთო სტადიონებზე ვარჯიშისთვის გამოყოფილი დროის სიმცირე,რის გამოც გოგონები ვერ ახერხებენ სრულყოფილად ვარჯიშსს. მეორე და მთავარი პრობლემა არის ისეთი ობიექტების არსებობა, რომლებიც არ არის ქალ ფეხბურთელებზე მორგებული და ვერ აკმაყოფილებს მათ კონკრეტულ მოთხოვნებს. განსაკუთრებით ეს პრობლემა აწუხებთ რეგიონში არსებულ კლუბებს,რადგან მათ მე-20 საუკუნეში გაკეთებულ სტადიონებზე უწევთ თამაში,არ გააჩნიათ გამოსაცვლელი და წყლის გადასავლები კაბინეტები. სწორედ ინფრასტრუქტურის პრობლემებზე ისაუბრა ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილემ, ნიკოლოზ ჯღარკავამ.

მიუხედავად იმისა,რომ დღეს ქალი ფეხბურთელებით უფრო მეტი ადამიანია დაინტერესებული და უფრო მეტად ექცევა ყურადღება, ფინანსური ნაწილი მაინც გამოწვევად რჩება. ყველა კლუბს სათითაოდ აქვს გამოყოფილი კონკრეტული ბიუჯეტი, თუმცა ეს თანხები არ არის საკმარისი ეყოს ყველაფერს.

ბიუჯეტი ძირითადად იხარჯება ისეთ საჭიროებებზე,როგორიცაა თამაშის დროს ქალაქიდან ქალაქში მგზავრობა, საკვები,ეკიპირება და აღჭურვილობა. აქედან გამომდინარე ხელფასებზე ფიქრი კვლავ ფიქრის დონეზე რჩება.

საქართველოს ქალთა ფხებურთის ფედერაციის პრეზიდენმა ნინო სორდიამ ჩვენთან საუბრისას დაგეგმილ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა და განაცხადა რომ 2021-2024 წლებში დაგეგმილია ისეთი ღონისძიებების გატარება,როგორიცაა ელიტალური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარება,იმიჯისა და ჩართულობის გაზრდა, მუშახელის განვითარება და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება.

ძალადობა

როცა ქალთა ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს მწვრთნელის მიერ მოთამაშეების მიმართ ძალადობისა და სექსუალური შევიწროვების შემთხვევა,რომელიც რამდენიმე დღის წინ იქნა გასაჯაროვებული. საბოლოოდ, 4 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება გამოიტანა და 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური შევიწროებისთვის 36 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა მოძალადე მწვრთნელს პაატა დოგრაშვილს,რომელიც წლების განმავლობაში სექსუალური თუ ფსიქოლოგიური კუთხით ძალადობდა ფეხბურთელ გოგონებზე.

„სისტემატიური ფსიქოლოგიური, სექსუალური, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, ჩვენ საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კლუბისთვის და მწრთვნელისთვის გვეჩივლა“ - ამ სიტყვების ავტორი ახალგაზრდა ფეხბურთელი ლანა გორგაძეა.  მასზე და მის თანაგუნდელებზე ძალადობა წლების წინ დაიწყო და დიდი ხნის განმავლობაში გრძელედებოდა.  რის გამოც მათ საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება,რომ მწვრთნელისთვის ეჩივლათ.

„გადაწყვეტილება მივიღეთ მას შემდეგ, როცა დავიწყეთ ამ ძალადობისა და შევიწროების სახელდება. ჩვენ სამწუხაროდ არ გვქონდა იმის ფუფუნება რომ მსგავს საკითხში განათლება გვქონოდა,  არავის, არასდროს უსწავლია ჩვენთვის როგორ უნდა ამოგვეცნო  სექსუალური შევიწროვება და ძალადობა,  ადამიანები გავიცანით, ვინც დაგვაკვალიანა და ძალა მოგვცა იმისა, რომ სარჩელი შეგვეტანა. დავდიოდით ტრენინგებზე, კარგად  გავეცანით საკუთარ უფლებებს და ყოველივე ამის შემდეგ გადავდგით სარჩელის შეტანის ნაბიჯი, რასაც არცერთი წუთით  არ ვნანობ“.  

ქალი ფეხბურთელი საუბრობს ასევე იმაზეც, რა რთული იყო ამ ყველაფრის აღიარება სხვებთან, საზოგადოებასთან, ოჯახთან, რადგან მისი აზრით, დღემდე სტერეოტიპულად უყურებენ ქალი ფეხბურთელებს და სათანადოდ არ აფასებენ მათ პროფესიას.

„ძალიან რთული იყო ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბარი, გვეშინოდა ოჯახის წევრების, გვეშინოდა საზოგადოების, რომელიც მზად არის ჩაგქოლოს მხოლოდ იმიტომ,რომ ქალი ხარ, თანაც ფეხბურთელი ქალი. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც,რომ თავდაპირველად ჩვენი მოძალადე  მწვრთნელის მიმართ პრეტენზია არ გვიჩნდებოდა,რადგანამ მან კარგად იცოდა მართვეს ფეხბურთელების ფსიქოლოგია და დაგავაჯერა,რომ ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ ძალადობისგან არცერთი ფეხბურთელი არ არის დაზღვეული,ამიტომ ჩემს კოლეგებს ვურჩევდი იყვნენ ფრთხილად, არ დახუჭონ ელემენტარულ ძალადობაზეც კი თვალი და აუცილებლად დაიწყონ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა,რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს გამოჩნდა კიდეც ჩვენს შემთხვევაში“.

სტერეოტიპები

ძალიან რთულია იყო ქალი და კიდევ უფრო რთულია იყო ქალი ფეხბურთელი,რადგან საზოგადოებაში პროფესიის კუთხით სტერეოტიპებს ფესვი მყარად აქვს გადგმული. სპორტსმენ ქალებს ხშირად უწევთ ისეთი გამოთქმების მოსმენა,როგორიცაა „ ქალი ხარ და სპორტი რა შენი საქმეა“, „ცოლად არავინ მოგიყვანს“, „გოგოს გოგოობა უნდა ეტყობოდეს“ და ა.შ  ამ სტერეოტიპებიდან გამომდინარე დაბალია ქალების ჩართულობა სპორტში,განსაკუთრებით კი ფეხბურთში,რასაც 2019 წელს ჩატარებული კვლევა ადასტურებს. კვლევის მიხედვით,საქართველოში 15-19 წლის მოზარდებში ფეხბურთით მხოლოდ გოგოების 27%-ია დაინტერესებული, რაც ბიჭების შემთხვევაში სამჯერ უფრო მეტია.

თუმცა, ხანდახან ქალების ორგანიზმიც "მათ წინააღმდეგაა"... ქალი ფეხბურთელებისთვის არც ისე "სტერეოტიპული" საკითხია მენსტრუაცია...

ქალთა ჯანმრთელობის სპეციალისტი, ექიმი ემა როსი:

" ჩვენ ვიცით, რომ ქალი სპორტსმენების მიერ არაკონტაქტური წინა ჯვარედინი იოგის ტრავმის (ACL) მიღების ალბათობა კაცებზე 6-ჯერ უფრო მაღალია.

ერთი წლის წინ, ჩვენ გამოვაქვეყნეთ ნაშრომი, რომელმაც აჩვენა, რომ იმ კვლევებიდან, რომლებიც ეხებოდა სპორტსა და ვარჯიშს, მხოლოდ 6% ტარდებოდა ექსკლუზიურად ქალებზე...

მაგრამ, ის რაც ჩვენ ვიცით, მენსტრუაციასა და ტრავმებზე, არის ის, რომ ციკლის დროს ცვალებად ჰორმონებს შეუძლია გავლენა მოახდინოს ფსიქოლოგიასა და სხეულის ბიომექანიკაზე...."

მიუხედავად იმისა, რომ კონტრაცეპტივები და სხვა ჰორმონალური მედიკამენტები სარეცეპტოა ფარმაცევტი, ირმა მეტრეველის თქმით, საქართველოში ხშირად მათ ურეცეპტოდ გასცემენ.

სტერეოტიპებით სავსე საზოგადოებაში გაიზარდა ფეხბურთელი ეკატერინე ხარაიშვილი,რომელიც მიუხედავად საზოგადოების ამ დამოკიდებულებისა საკუთარ მიზანსა და ოცნებას არასდროს დაშორებია. იგი ოჯახს ყოველთვის უმტკიცებდა იმას,რომ სწავლისა და სპორტის შეთავსება შესაძლებელია,თუ ამის სურვილი და მონდომება გაქვს. ამჟამად ეკატერინემ მოიპოვა სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი და პარალელურად კლუბ „კვარტალის“ განვითარებაში იღებს მონაწილეობას.

Item 1 of 3

შესაძლებლობები

პრობლემებთან ერთად აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმაზე თუ რა კეთდება ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის და რა რესურსები შეუძლიათ გამოიყენონ მათ. პირველ რიგში,აღსანიშნავია ლოკომოტივის აკადემიის პროექტი რომლის მიხედვით, გოგოებს აქვთ საშუალება ითამაშონ ბიჭებთან ერთად, ამ პროექტზე უფრო ვრცლად ლოკომოტივის სოციალური სამსახურის უფროსი თამო გოგოლაძე გვესაუბრება

მედიის როლი

ქალთა ფეხბურთის მიმართ ინტერესი რომ დაბალია, ამაში მედიასაც მიუძღვის ბრალი. მიუხედავად იმისა,რომ გვაქვს ორი სპორტული ტელევიზია მათ მიერ ქალთა ფეხბურთი ნაკლებად შეუქდება,ისინი ორიენტირებული არიან კაც სპორტსმენებზე და ქალებს მხოლოდ მაშინ აშუქებენ თუ რამე სენსაცია ხდება. ამასთან დაკავშირებით ჩვწერეთ ინტერვიუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ლექტორთან და სეტანტას კომენტატორ ნიკოლოზ ტაბატაძესთან,რომელმაც ისაუბრა თუ რამხელა როლი აქვს მედიას ქალთა სპორტისა და კონკრეტულად ფეხბურთის განვითარების პროცესში

ბატონო ნიკოლოზ, რამდენად შუქდება ქართულ მედიაში ქალთა ფეხბურთი და არა მხოლოდ მათი წარმატება,არამედ,ზოგადად, ყოველდღიური მნიშვნელოვანი მატჩები.

-საქართველოს აქვს ორი სპორტული ტელევიზია,მაგრამ მიუხედავად მათი არსებობისა,ქალთა ფეხბურთის შესახებ თითქმის არაფერი არ შუქდება. შეიძლება ამის მიზეზი იყოს არსებული მდგომარეობა,მსხვილი მაშტაბით წარმატების მიღწევის ნაკლებობა,მაგრამ აუცილებელი ხომ არაა მხოლოდ წარმატების გამო შუქდებოდნენ ქალი ფეხბურთელები. სკანდინავიის ქვეყნების მედიამ,როცა ქალთა ფეხბურთი განვითარების ეტაპზე იყო,სარედაქციო პოლიტიკის ნუსხაში პირველ რიგში შეიყვანეს ქალთა სპორტის გაშუქება. ჩვენთანაც არ არის გამორიცხული პრიორიტეტად იქცეს ქალთა სპორტის გაშუქება,მაგრამ ამისთვის საჭიროა, ყველა მედიასაშუალებამ გარკვეული დრო ყოველდღიურად დაუთმონ მათ,მიუხედავად იმისა,რომ ამ ეტაპზე რეიტინგული სულაც არ იყოს.

  თქვენი აზრით,მედიაში რამდენად ვხვდებით სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს?

-ზოგადად, ქალთა ფეხბურთიც ხო სტერეოტიპულად აღიქმება საქართველოში. ალბათ ეს თვითონ საზოგადოებიდან გამომდინარეობს,ხშირად მოგვისმენია ისეთი ფრაზები როგორებიცაა რა უნდა ქალს სპორტში,ქალები მხოლოდ ისეთი საქმით უნდა დაინტერესდნენ,რასაც ძალა არ სჭირდება და ა.შ მედიაში,როგორც ასეთი,მსგავსი სტერეოტიპული მიდგომა არ მახსოვს,თუმცა შესაძლოა ყოფილიყო კიდეც.

საზღვარგარეთის მედიებს რომ შევადაროთ,რა განსხვავებებია ამ კუთხით?

-განსხვავებაა ის,რაც უკვე ვახსენე. უცხოური მედია ცდილობს დიდი თუ არა,პატარა დროის გამოყოფას ქალთა სპორტისთვის. არის კულტურული სხვაობაც თვითონ საზოგადოებებს შორის,ბარსელონაში თუკი ქალთა ფეხბურთს 100 000 ადამიანი ესწრება,აქ შესაძლოა გოგონებს ცარიელი ტრიბუნების ფონზე უწევდეთ თამაში,რაც სამწუხარო რეალობაა. განსხვავებაა ისიც,რომ ჩვენთან ქალთა სპორტი ყურადღების მიღმა რჩება,თუ რამე მნიშვნელოვან წარმატებებს არ აღწევენ გოგონები,საზღვარგარეთის მედიებში ეს ასე არაა,პირიქით, თუკი მნიშვნელოვანი მოვლენა არ ხდება,ცდილობენ ქალი სპორტსმენები ინდივიდუალურად გაგვაცნონ, ამბები მოგვიყვნენ მათზე,რაც თავისთავად საზოგადოების ინტერესის ამაღლებასაც უწყობს ხელს.

თქვენი აზრით,რა უნდა გააკეთოს კონკრეტულად მედიამ,რომ ხელი შეუწყოს ქალთა სპორტისა და კონკრეტულად ფეხბურთის განვითარებას,რა როლი აქვს მას ამ კუთხით?

-პირველ ეტაპზე მედიამ პრობლემა უნდა გვაჩვენოს. უნდა გვაჩვენოს რატომაა ამ მდგომარეობაში ქალთა ფეხბურთი,რამ აქცია ეს ყველაფერი პრობლემად, იმან,რომ არ გვაქვს ელემენტარული პირობები,ინფრასტრუქტურა,სტადიონი,ხელფასები თუ ბევრი სხვა. თეორიულად,ასეთ მტკივნეულ საკითხებზე ორიენტირებით,შესაძლოა შევქმნათ  საზოგადოებრივი ინტერესი. პლუს ამას,მედიამ შეიძლება გააკეთოს,რომ ფართო მასებს მიაწოდოს იმ წარჩინებული ქვეყნების პროგრამები,რომლებმაც ქალთა სპორტში გარღვევა მოახდინეს და დაიწყეს ნულიდან. საჭიროა ეს იმიტომ,რომ ვნახოთ რა ხდება შვედეთში,ვნახოთ როგორები არიან ჰოლანდიაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში,სადაც ქალთა ფეხბურთი ახლა უკვე მაღალ განვითარების ეტაპზეა. მედიისგან სწორი იქნება,როგორც უკვე აღვნიშნე,პრობლემების წინ წამოწევა,რათა ხალხმა გაიგოს,რომ არსებობს ქალთა ფეხბურთი საქართველოში და მიუხედავად იმისა,რომ არსებობს მილიონი პრობლემა,ეს ადამიანები არ წყვეტენ წმინდას-ოცნებას და არ ეშვებიან საყვარელ საქმეს.

 

ვოლსვაგენის პროვოკაციული კამპანია ევროპის 2022 ქალთა ჩემპიონატზე

კამპანიის კონცეპტუალური საწყისი წერტილი არის ტერმინის „ქალთა ფეხბურთი“ გავრცელებული გამოყენება ქალთა გუნდების მიერ ჩატარებულ მატჩებზე. სიტყვის „ქალთა“ დამატება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს „ნამდვილი“ ფეხბურთი არ არის - მაშინ როცა მამაკაცთა გუნდები მხოლოდ „ფეხბურთს“ თამაშობენ, ყოველგვარი განმარტების გარეშე. ამრიგად, ხდება გაბატონებული ცრურწმენების გაძლიერება ენის მეშვეობით.
"ჩვენი კამპანია არის გამოღვიძებისთვის მოწოდება. ის ცდილობს აამაღლოს ცნობიერება ხალხში და ურჩიოს მათ, იფიქრონ იმაზე, თუ როგორ იყენებენ ენას. სწორედ ენა უქმნის ადამიანებს წარმოდგენას სამყაროს შესახებ", - ამბობს იმელდა ლაბე, რომელიც Volkswagen Passenger Cars-ის ბრენდის საბჭოს წევრი